24 мая 2009 г.

განათლება 2.0 (2)

(გაგრძელება)

ინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიები

თავისი არსით ინფორმაციის გავრცელების ზეპირსიტყვიერი, დამწერლობითი, ნაბეჭდი თუ ელექტრონული საშუალებები იდენტურია და განსხვავდებიან ფორმებით. თითოეულ ამ ფორმას თავისი უპირატესობები აქვს.
მაგ. ზეპირ, პირად კომუნიკაციას, საკუთარი თვალით ნანახსა და მოსმენილს მეტი ინტიმურობა და პრივატულობა, მეტი დამაჯერებლობა აქვს, მაგრამ თუ მისი ფიქსირება არ მოხდა, იგი მხოლოდ მსმენელ-მხაველის მეხსიერებაში დარჩება და რათა უფრო მეტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი საჭიროა მისი „ჩაწერა“.
„ჩაწერა“, ფიქსაცია შეიძლება მოვახდინოთ საწერი საშუალებების (ფრთა, კალამი, პასტა...), ან საბეჭდი მანქანის, შესაძლოა აუდიო ან/და ვიდეო აპარატურით და სხვა.. დღეს ამას დაემატა კომპიუტერული ტექნოლოგიები.
ხელნაწერი ტექსტი ახდენს არა მარტო „ჩამწერის“ ნაფიქრის/ნათქვამის შემონახვას, არამედ მისი ხელ-ნაწერის გზით „ჩამწერის“ ინდივიდუალობის, შეიძლება ითქვას „იმ წამის“ შემონახვასაც, როდესაც იგი იწერებოდა. სწორედ ეს უნიკალურობა და ინტიმურობაა, რაც დღემდე გვაჯადოებს ჩვენთვის საყვარელი და საპატივცემულო ადამიანების ხელნაწერების ყურებისას.
კაცობრიობის განვითარებაზე უდიდესი ზემოქმედება მოახდინა საბეჭდი მანქანის გამოგონებამ. სწორედ მისი მეშვეობით ინფორმაციის, მ.შ. წიგნიერების გავრცელებამ სხვა მასშტაბები მიიღო, ის დრო რაც ამ გამოგონებამდე სჭირდებოდა ერთი წიგნის გადაწერას, ახლა საჭიროა ასობით და ათასობით ერთეულის მისაღებად. შესაბამისად დაეცა ფასები და ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოების არამარტო შეძლებული ფენებისათვის. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სტამბა პირდაპირ ვერ აპირობებს შოთა რუსთაველის გაჩენას, მაგრამ ხელს უწყობს მისი შემოქმედების მეტ მკითხველამდე მისვლის შესაძლებლობას, რაც წიგნიერების ზრდის საწინდარი უნდა იყოს. „შესაძლებლობას“-ო ვამბობ, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი გამოცემისა და მისი სასკოლო პროგრამაში სავალდებულო ხასიათისა, ვეჭვობ ბოლომდე ბევრს ქონდეს გათავისებული - აქ თქვენი, მასწავლებლის როლი განუზომელი და შეუცვლელია.
ფოტო-, აუდიო-, ვიდეოფიქცასაცია საშუალებას იძლევა მონათხრობთან ერთად, ერთის მხრივ - შემოვინახოთ არა მარტო აზრი ნათქვამის, არამედ მთქმელი, მისი გამოსახულება, თუ ხმა საუბრის მომენტში. და მეორეს მხრივ - მოვახდინოთ ამ ჩანაწერის განუსაზღვრელ რაოდენობით გამრავლება.
რადიო და სატელევიზიო პირდაპირმა ჩართვებმა კიდევ უფრო ახალი შესაძლებლობები გააჩინა. იქამდე არსებული კომუნიკაციური საშუალებები (ხელნაწერი, ნაბეჭდი, ფოტო, კინო..) დამოკიდებული იყო იმ მათთვის საჭირო ინფორმაციის ტექნიკურად დამუშავების სიჩქარესთან - მაგ. რაიმე სიახლის შესახებ გაზეთში რომ წაგეკითხათ და იქვე ამის ამსახველი ფოტო დაგეთვალიერებინათ, ამისათვის საჭირო იყო ფოტოგრაფს გადაეღო, გამოემჟღავნებინა, სტატიის ავტორს დაეწერა, და მერე ეს ყველაფერი სტამბურად დამუშავებულიყო, შემდეგ რაიმე სატრანსპორტო საშუალებით მკითხველამდე მისულიყო. შესაბამისად, მკითხველისაგან დაშორებული ორატორის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია მკითხველამდე აღწევდა მინიმუმ ერთი დღის დაგვიანებით. ამდენად ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ ასინქრონულ რეჟიმში.
ტელეფონიის განვითარებამ თუ საშუალება გაჩინა ინფორმაცია გავრცელებულიყო მოშერებულ მოსაუბრეებს შორის ერთ დროის მონაკვეთში, რადიომ და შემდგომ ტელევიზიამ საშუალება შექმნა არა მარტო ორი ადამიანი დააუკავშირდეს ერთმანეთს, არამედ ე.წ. „სინქრონულ რეჟიმში“ მხილველი და მსმენელი გახდე მოვლენებისა თუ ორატორისა, რომლიც შენგან ათასობით კილომეტრზეა დაშორებული, შენგან ასევე ათობით კილომეტრზე დაშორებულ სხვა განუსაზღვრელი რაოდენობის მაყურებლებთან ერთად.
უდაო უპირატესობა, რაც რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (მ.შ. ნაბეჭდს) აქვთ ესაა პირველადი წყაროს/ფაქტის ფიქსაციისა და შემდგომ ამ სახით გამრავლების, რეპროდუცირების საშუალება.
მაგ. დღეს ჩვენ გვიწევს მოვახდინოთ რედაქციული მუშაობა ტექსტზე, „სწავლულ კაცთა“ კომისიების შექმნა რათა გამოვავლინოთ პირველადი რედაქცია და „გავწმინდოთ“ ისინი შემდგომი, გადამწერთა ნებსითი თუ უნებლიე ცვლილებებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენსა და ავტორს შორის დგას გადამწერი, დღეს ავტორს შეუძლია საკუთარი სათქმელი ხელმისაწვდომი გახადოს განუსაზღვრელი რაოდენობის მკითხველისათვის პირველადი სახით.
მეორე უპირატესობა ესაა მარტივად გავრცელებადობა, წარმოიდგინეთ რომ ყოფილიყო ინფორმაციის რეპროდუცირების ტექნოლოგიები, ხომ მეტი ალბათობაა რომ მეტი ნაწარმოები მოაღწევდა ჩვენამდე, მ.შ. შესაძლოა არა მარტო მაღალი ხარის. თუ ლიტერატურის ისტორიკოსებისათვის და ასევე NCAC ლიტერატურის ჯგუფისათვის ეს გარემოება შესაძლოა რაღაცნაირად ხელსაყრელია - მუშაობა უხდებათ უკვე სელექცირებულ, მხოლოდ მაღალი ხარისხის ლიტერატურასთან, ისტორიკოსები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, მათ ფაქტები უნდა ამოიკითხონ „ცენზურაგავლილი“ ტექსტებიდან. მაგალითად, ქრონიკებიდან გვიჭირს აღვადგინოთ სურათი კახეთ-ჰერეთის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთის, რადგან ბაგრატიონთა კარზე რედაქტირებულმა წყაროებმა არ შემოინახეს მათზე ინფორმაცია; დამეთანხმებით საინტერესო იქნებოდა მეტი რომ ვიცოდეთ ყურთლუ-არსლანისა და მისი მოძრაობის შესახებ, მოვლენაზე რომელიც რბილად რომ ვთქვათ სკეპტიკოსის მწირი მონაყოლიდანაც კი უზომოდ საინტერესოდ და მრავლისმთქმელად მოჩანს.
როგორც ამ მცირე მიმოხილვიდანაც ვნახეთ დღევანდელ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დიდი (პრე)ისტორია აქვთ და თავისთავში აერთაინებენ იმ შესაძლებლობებსა და რისკებს რაც მათ ისტორიულ წინამორბედებს აქვთ.

Комментариев нет: